ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში, ჰელსინკის ერთ-ერთ ისტორიულ საკონცერტო დარბაზში „თბილისის ჯაზის ბიგ-ბენდის“ კონცერტი გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას ფინეთის მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, შოუ ბიზნესისა და მედიის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მუსიკოსებმა – დინი ვირსალაძემ, მარიკო ებრალიძემ, თემურ საჯაიამ ცნობილი ქართული და უცხოური კომპოზიციები შეასრულეს, რამაც აუდიტორიის უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ასევე, კონცერტის დასასრულს, ჯაზ-კომპოზიცია შეასრულა, ფინეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა და მევიოლინემ, ვიტალი სამხარაძემ. კონცერტზე გაიხსენეს ქართული ჯაზის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისის საპატიო მოქალაქე თამაზ (თათუზა) ყურაშვილი.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთში, ირაკლი ხუცურაული დამსწრე საზოგადოებას პირადად ესაუბრა უძველესი ქართული კულტურისა და ტრადიციების შესახებ.
ღონისძიება მეტად თბილ გარემოში ჩატარდა. სტუმრებს საელჩო ქართული ღვინით და კერძებით გაუმასპინძლდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.