თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ოპერის „სამსონი და დალილა“ პრემიერა გაიმართება
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კამილ სენ-სანსის ყველაზე პოპულარული ოპერის „სამსონი და დალილა“ პრემიერა გაიმართება. საპრემიერო ჩვენებები 17, 18, 23, 24, 25 თებერვალს და 1, 2, 3 მარტს შედგება. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ეს ულამაზესი სპექტაკლი გამოჩენილმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუი გრინდამ დადგა (ჟან-ლუი გრინდას 10 წელი ეკავა ვალონის სამეფო ოპერის თეატრის დირექტორის პოზიცია, 15 წელი მონტე-კარლოს ოპერის თეატრის დირექტორის პოსტი. 2018 წლიდან იგი ორანჟის ფესტივალის დირექტორია).
„ოპერა ჩემთვის არა მარტო გატაცებაა, არამედ დიდი სიყვარული, “- ამბობს ჟან-ლუი გრინდა, რომელმაც 40 წლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მრავალი საინტერესო სპექტაკლი დადგა („ტრავიატა“, „ერნანი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ჯამბაზები“, „ღამურა“, „ტანჰოიზერი“, „ჰოფმანის ზღაპრები“, „კარმენი“, „მეფისტოფელი“, „სამსონი და დალილა“, „ფალსტაფი“, „ვილჰელმ ტელი“, „ლუჩია დი ლამერმური“, „ბოჰემა“, „ტაისი“, თურქი იტალიაში“, „ვერთერი“, „ჯოკონდა“ და სხვა).
ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი მხატვრის აგოსტინო არივაბენეს მიერ შექმნილი „სამსონი და დალილას“ მდიდრული დეკორაციები, იდუმალი ტაძრის ატმოსფერო, მრავალფეროვანი და ძვირფასი კოსტიუმები, ლორან კასტენის თვალისმომჭრელი განათება და შუქის ეფექტები, ეჟენი ანდრენის ქორეოგრაფია, ვნებიანი ცეკვები, აღმოსავლეთს სიურეალისტური, ზღაპრული სახით გვანახებს.
სპექტაკლში „სამსონი და დალილა“ მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დირიჟორები – ლევან ჯაგაევი და კახი სოლომნიშვილი.
თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე „სამსონი და დალილა“ პირველად 1894 წელს, ზუსტად 130 წლის წინ დაიდგა. ბოლოს კი „სამსონი და დალილა“ თბილისის ოპერის თეატრში 80 წლის წინ შესრულდა (1944 წ).
კამილ სენ-სანსმა სულ 13 ოპერა დაწერა, მაგრამ მხოლოდ ერთი შემორჩა მსოფლიო საოპერო თეატრების რეპერტუარში. „სამსონი და დალილა“ ძველი აღთქმის სიუჟეტზეა დაწერილი. მისი ლიბრეტო ფერდინანდ ლემერს ეკუთვნის. „სამსონი და დალილას“ პრემიერა 1877 წლის 2 დეკემბერს ვეიმარში შედგა, მისი პარიზული პრემიერა კი გრანდ ოპერაში 1892 წლის 23 ნოემბერს. დღეს „სამსონი და დალილა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა, რომელიც არ ჩამოდის თანამედროვე საოპერო თეატრების სცენებიდან. დალილას პარტია კი ყველა მეცო-სოპრანოს საყვარელი და საოცნებო პარტიაა.
ოპერის მთავარი გმირის საპატივცემულოდ 1905 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს დალილას სახელი დაარქვეს.